აივნებიანი ქალაქი

 თბილისს განსაკუთრებულ ხიბლს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს, სძენს მისი გამორჩეული არქიტექტურა. ამჯერად გვსურს თვალი გადავავლოთ ჩვენი ქალაქის ულამაზეს და შთამბეჭდავ აივნებს.

 

 საცხოვრებელი სახლების ფასადების აივნებით შემკული სახე, რომელთაც თბილისურს უწოდებენ, XIX საუკუნის ორმოციან წლებში ჩამოყალიბდა. ბუნებრივმა გარემომ ძველთაგანვე შეამუშავებინა ადამიანს დერეფნისა და აივნის ბინის გეგმაში ჩართვის აუცილებლობა. ხის გადმოკიდულ აივნებს განსაკუთრებული სიყვარულით ამუშავებდნენ და ეზოს შიდა მხარეს მოთავსებულ აივნებთან შედარებით, მათი მრავალფეროვანი მხატვრული ნიმუში შექმნეს. სწორედ ეს აივნები ამშვენებდნენ თბილისურ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს. ამასთან ერთად კი აივნები ყოველდღიურ ქუჩის ცხოვრების წიაღშიც იჭრებოდნენ. აივანზე გამოსული შეიძლებოდა ქუჩაში მომხდარი ყოველი ამბის მონაწილე გამხდარიყო.

 

 აივნების ორნამენტები და დეტალები წარმოდგენას გვიქმნის თუ სად და როგორ ცხოვრობდა ჩვეულებრივი მოსახლეობა XIX საუკუნის თბილისში. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს იზიდავს უცხოელ ტურისტებსაც. ისინი დასათვალიერებლად ირჩევენ ადგილებს, სადაც ძველი ორსართულიანი სახლებია მოჩუქურთმებული აივნებით და ლამაზი ეზოებით.

 

 თბილისური ხის აივნები სახლებს სიცოცხლეს მატებდა. წლების მატებასთან ერთად კი იერსახესაც იცვლიდა, მაგრამ მნიშვნელობას არა.