ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი პირველი ქართველი ქალი არქიტექტორია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, ქეთევანის გამოკვეთილი ტრადიციული ქართული ხედვა მისი ნაგებობების უამრავ ორნამენტსა და დეკორატიულ შტრიხში შეიმჩნევა. ამასთანავე, მის ნაშრომებში ხშირად იგრძნობა პერიოდისათვის სახასიათო საბჭოთა მოდერნიზმის მცირედი ინსპირაცია და გავლენა.
ქეთევანს ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორიცაა პირველი ჩაის ქარხანა ჩაქვში, საცხოვრებელი სახლები ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე და სხვა პროექტები.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1988 წლის 26 აგვისტოს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული არქიტექტურის განვითარებაში და თავი დამკვიდრა საქართველოს ისტორიაში.