გაიცანი რომის ქუჩა

2019 წელს "თბილისის განვითარების ფონდის" დაკვეთით დავიწყეთ რომის ქუჩა N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტი, რაც ჩვენთვის საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. თავდაპირველად შევისწავლეთ შენობის ისტორია და მისი თითოეული დეტალი, მოვიწვიეთ მხატვარ -რესტავრატორები და ჩვენს პროფესიონალ გუნდთან ერთად დავიწყეთ მუშაობა.

შენობა იშვიათი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა. ფანჯრებს ზემოთ შენობის მეპატრონის გიორგი ქართველიშვილის საგვარეულო გერბის ბარელიეფებია მოქანდაკებული და შენობის დამაგვირგვინებელ მხატვრულ დეტალს წარმოადგენს ულამაზესი გუმბათი, რომელზედაც ქალის თავია გამოსახული.

აღსანიშნავია ამ სახლში განვითარებული ისტორიები: 1881-1882 წლებში  გიორგი ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა და შეიქმნა კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იოანა მეუნარგია.

გაზეთ ,,ივერიას“ გამომცემლობა იყო ერთ-ერთი წამოწყება, რომელსაც ამ სახლში ჩაეყარა საფუძველი ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. მამის გზა ასეთივე წარმატებით მისმა შვილმა, ნიკოლოზ ქართველიშვილმა გააგრძელა. მან მამისეული სახლი გადააკეთა და ძველ სტრუქტურაზე დაფუძნებული ევროპული სტილით ნაგები ფასადი შექმნა. ეს იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არტ-ნუვოს ყაიდაზე გაწყობილი შენობა, რომლის ხუროთმოძღვარიც ასევე ქართველი არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი გახლდათ. ნიკოლოზმა სახლის ინტერიერის შექმნაზე უცხოელი მხატვრები მოიწვია. სწორედ მათ შექმნეს სრულიად უჩვეულო ისტორიები მითიური ჯუჯების ცხოვრებიდან, ვენეციის პეიზაჟების თვალწარმტაცი ხედები თუ აღმოსავლური, მდიდრული ინტერიერი.

ძველ სახლებს თუ დააკვირდებით, სადარბაზოს შესასვლელთან ხშირად შეხვდებით მოზაიკურ იატაკზე ლათინური ასოებით დაწერილ სიტყვას- ,,SALVE”,რაც ქართულად ,,სალამს“ ნისნავს. ეს კი თბილისში მხოლოდ ერთადერთი სახლია, რომელსაც ქართული ასოებით აწერია - ,,სალამი“.

ჩვენი გუნდი დიდი შემარეთებითა და სიამაყით ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რათა დაუბრუნდეს შენობას პირვანდელი სახე.